Read this blog in English.

ყველაფერი იმ დღიდან დაიწყო, როდესაც მივიღე წერილი, რომ ჩემი პრეზენტაცია შერჩევის ეტაპს წარმატებით გადალახავდა და საქართველო პირველად იქნებოდა ოფიციალურად წარმოდგენილი მუსიკათერაპიის მსოფლიო კონგრესზე მოხსენებით, რომლის წარდგენაც მე მომიწევდა. ეს იყო არა მხოლოდ პირადი სიხარულის, არამედ დიდი პასუხისმგებლობისა და სიამაყის მომენტი. იმ წამიდანვე დავიწყე ფიქრი იმ ადამიანებზე, რომლებსაც შევხვდებოდი და იმ გამოცდილებაზე, რომელიც წინ მელოდა.

კონგრესი ჩემთვის მხოლოდ პრეზენტაციის წარდგენა და საქართველოს მუსიკათერაპიის ჭრილში გაცნობა არ ყოფილა. ეს იყო წლების განმავლობაში ონლაინ თანამშრომლობის შემდეგ იმ ადამიანებთან პირისპირ შეხვედრა, რომლებთან ერთადაც შევძელით საქართველოში მუსიკათერაპიის დისტანციური სასწავლო პროგრამის ადაპტირება. მრავალი თვის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით თარგმანზე, ტერმინოლოგიასა და კულტურულ ადაპტაციაზე, რათა პროგრამა ქართველი სპეციალისტებისთვის გასაგები და პრაქტიკულად გამოსადეგი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს პირველად ბოლონიაში შევხვდით, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით.

Music as Therapy International-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს პროფესიულ გზაზე. სწორედ ამ ორგანიზაციის წყალობით მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების ნაწილი და მიმეღო არაერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება.

მისი დამფუძნებელი, საოცარი ალექსია ქუინი, ჩემთვის გახდა ადამიანი, რომელმაც მუსიკათერაპიის საერთაშორისო სამყაროს კარი ყველაზე ფართოდ გამიღო. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ასევე ელსა ჰარიადეს, რომელიც თავისი სითბოთი, მზრუნველობითა და ენერგიით ნამდვილად ამ ორგანიზაციის სული და გულია.

დიდი სიხარული იყო ასევე რუმინელი კოლეგების – მონიკა მანასესი და ელეონორა როსკას გაცნობა. ისინი საკუთარ ქვეყანაში იმავე პროგრამას უძღვებიან, რომელსაც დღეს საქართველოშიც ვახორციელებთ. მათი მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება კიდევ ერთხელ მაგრძნობინებდა, რომ მუსიკათერაპიის საერთაშორისო საზოგადოება მართლაც ერთი დიდი ოჯახია, სადაც ადამიანები საერთო ღირებულებებისა და მიზნების გარშემო ერთიანდებიან.

ეს შეხვედრა მართლაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოში მუსიკათერაპიის თანამედროვე ხედვის დამკვიდრებაში, ზუსტად ისეთები აღმოჩნდნენ, როგორებიც წარმომედგინა, გულწრფელები, თბილები, იუმორით სავსეები და ადამიანზე ორიენტირებულები.

შეიძლება იყო ძალიან კარგი მუსიკათერაპევტი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იყო ღირსეული, თავმდაბალი და ადამიანებზე ორიენტირებული პიროვნება.

კონგრესის ყოველი დღე ახალი ცოდნით, გამოცდილების გაზიარებითა და შთაგონებით იყო სავსე. გავიცანი მრავალი მუსიკათერაპევტი, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ონლაინ სუპერვიზიებიდან, პროფესიული შეხვედრებიდან ან მათი ნაშრომებიდან ვიცნობდი.

განსაკუთრებული სიხარული იყო იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც წლების წინ სრულიად უანგაროდ გამიწიეს პროფესიული მხარდაჭერა, გამიზიარეს საკუთარი გამოცდილება და საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი რჩევები მომცეს. სწორედ მათი რწმენა და მხარდაჭერა გახდა ჩემი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი.

მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო არაჩვეულებრივი ადამიანი, ალან თური, რომელსაც ბოლონიაში პირადად შევხვდი. პროფესიული გზის დასაწყისში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარდა, რამდენიმე წლის წინ მან და მისმა კოლეგამ, ჟაკლინ ბირნბაუმმა, ჩემი წიგნისთვის პროფესიული შეფასებები და კომენტარებიც მომიმზადეს. მათი შეფასებები წიგნის გამოცემაშიც შევიტანე და ეს მხარდაჭერა ჩემთვის დღემდე განსაკუთრებულად ძვირფასია. სწორედ ამიტომ, ალანთან პირადად შეხვედრა კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი აღმოჩნდა.

კონგრესი სავსე იყო საინტერესო ვორკშოპებით, ჯემ-სესიებით, დისკუსიებითა და იდეებით, რომლებიც დღესაც შთაგონების წყაროდ მრჩება.

მიუხედავად ბოლონიის ივლისის სიცხისა, ენერგია არასოდეს დაგვკლებია, ბევრს დავდიოდით ფეხით, ვმღეროდით, ვიცინოდით, წვიმიან საღამოებსაც კი იუმორით ვატარებდით. განსაკუთრებით გამიხარდა, როდესაც მეგობრებს ქართული სამზარეულო გავაცანი და ქართულ რესტორანს ერთად ვეწვიეთ.

რა დამამახსოვრდა

კონგრესიდან დაბრუნების შემდეგ, როცა ემოციები თანდათან დალაგდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანე.

პირველი – პროფესიონალიზმი მხოლოდ ცოდნა არ არის. შეიძლება იყო ძალიან კარგი მუსიკათერაპევტი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იყო ღირსეული, თავმდაბალი და ადამიანებზე ორიენტირებული პიროვნება. სწორედ ასეთი ადამიანები გავიცანი ბოლონიაში.

მეორე – ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუ როგორი მოთმინებითა და პატივისცემით პასუხობდნენ უმეტესი წამყვანი სპეციალისტები სტუდენტებისა და დამწყებების შეკითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებზე ალბათ ასჯერ და ათასჯერ უსაუბრიათ. იყო სრული თანასწორობა, რაც ურთიერთობაშიც ჩანდა.

მესამე – არც ერთი პრეზენტაცია, რომელსაც მე დავესწარი, არ ტოვებდა განცდას, რომ მუსიკათერაპია მიუწვდომელი ან ზედმეტად რთული პროფესიაა. პირიქით, ყოველი მომხსენებელი ისე აზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, რომ მსმენელს უჩნდებოდა სურვილი, თავადაც ეცადა ეს გზა. ვფიქრობ, ეს მართლაც გამორჩეული პრეზენტატორის თვისებაა.

და ბოლოს, ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო ისიც, რომ კონგრესზე არა მხოლოდ მომხსენებელი, არამედ რამდენიმე სესიის მოდერატორიც ვიყავი. ძალიან მიხარია, რომ ამ შესაძლებლობაზე უარი არ ვთქვი, რადგან სახლში ორმაგი გამოცდილებით დავბრუნდი, როგორც საქართველოს წარმომადგენელი მომხსენებელი და როგორც საერთაშორისო სესიების მოდერატორი.

ეს ერთი კვირა ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება. მან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გულწრფელად გჯერა შენი საქმის, არ ჩერდები განვითარებაზე, პატიოსნად შრომობ და ადამიანებთან ურთიერთობას ცოდნაზე არანაკლებ აფასებ. სწორედ ასეთი გამოცდილებები გაძლევს ძალას, გზა კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით გააგრძელო.

ერთი ფრაზით კი ასე შევაფასებდი ამ დღეებს: La Dolce Vita!