Read this post in English.

დასრულდა საქართველოს DLP-ის 2025-2026 ტრენინგი, რომელმაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გააერთიანა ერთი მნიშვნელოვანი იდეის გარშემო, მუსიკის გამოყენება სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად.

პროგრამის რვა მონაწილე სხვადასხვა პროფესიული სფეროებიდან იყვნენ, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებდათ: საკუთარ პროფესიულ პრაქტიკაში მუსიკათერაპიის ელემენტების დანერგვა და მუსიკის გამოყენება ბავშვების განვითარების, კომუნიკაციის, ჩართულობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად, იქნება ეს სკოლაში, მუსიკის გაკვეთილებზე, საბავშვო ბაღებში თუ სხვა გარემოში, სადაც ისინი ბავშვებთან მუშაობენ. ამ სხვადასხვა გარემოში 2 100-ზე მეტ ბავშვს ახლა შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს მუსიკალურ სესიებში.

ეს იყო ერთწლიანი გზა თეორიიდან პრაქტიკამდე. პროგრამის პირველი რვა თვე ინტენსიური სწავლის, ახალი ცოდნის მიღებისა და წერით დავალებებზე მუშაობის პერიოდს დაეთმო. ეტაპობრივად, მონაწილეები გაეცნენ მუსიკათერაპიის საფუძვლებს, სხვადასხვა მიდგომასა და პრაქტიკულ მეთოდებს. ისინი აანალიზებდნენ მიღებულ ცოდნას, ავითარებდნენ საკუთარ გამოცდილებას და ნასწავლ მასალას საკუთარ პროფესიულ პრაქტიკას უკავშირებდნენ.

პროგრამის დასკვნითი ორი თვე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მონაწილეებმა ზედამხედველობის ქვეშ დაიწყეს პრაქტიკული მუსიკათერაპიული სესიების ჩატარება, რომლებშიც ჯამში 24 ბავშვი მონაწილეობდა. სწორედ ამ ეტაპზე შეძლეს მათ მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენება, საკუთარი საქმიანობის გავლენის დაკვირვება, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და საკუთარი პროფესიული პრაქტიკის კიდევ უფრო განვითარება.

პროგრამის დასაწყისში მონაწილეებს ასევე ჰქონდათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, პირისპირ ემუშავათ ორ მუსიკათერაპევტთან – თაკო ჟორდანიასთან (საქართველო) და ჯენი ლაასთან (შოტლანდია). ამ შეხვედრების დროს ისინი გაეცნენ მუსიკათერაპიის სხვადასხვა მიდგომას პრაქტიკაში, შეისწავლეს მისი ძირითადი მიზნები და პრინციპები და მიიღეს გამოცდილება, რომელმაც მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა მათი შემდგომი დისტანციური სწავლისა და პრაქტიკული საქმიანობისთვის.

პირისპირ შეხვედრები გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. განსაკუთრებული მადლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მუდმივი მხარდაჭერისთვის!

მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მნიშვნელობა ყველაზე კარგად თავად მონაწილეების სიტყვებში აისახება:

ამ კურსმა მასწავლა, მერწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში, ყურადღება მიმექცია დეტალებისთვის და ამ დეტალებში სიხარული მეპოვა. მასწავლა, არ გავბრაზებულიყავი ბავშვზე და, ამის ნაცვლად, გამეგო, რის გადმოცემას ცდილობს ის თავისი ქცევით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ კურსისგან მივიღე. უზომოდ მადლიერი ვარ.

პრაქტიკულმა კომპონენტმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, მიღებული ცოდნა რეალურ გამოცდილებად ექციათ და ბავშვებთან ურთიერთობისა და კავშირის დამყარების ახალი გზები აღმოეჩინათ:

პრაქტიკის განმავლობაში ბევრი დადებითი გამოცდილება მივიღე, რაც ძალიან მახარებს. ყველაზე მეტად კი ის გამიხარდა, რომ დროთა განმავლობაში ბავშვებსა და ჩემს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ვხედავდი. ისინი სიხარულით მოდიოდნენ მუსიკალურ სესიებზე, ინტერესით ერთვებოდნენ აქტივობებში და თანდათან უფრო თავისუფლად იწყებდნენ საკუთარი ემოციებისა და სურვილების გამოხატვას.

ერთი წლის შემდეგ ეს უკვე მხოლოდ მიღებულ ცოდნას აღარ გულისხმობს. ეს არის ახალი გამოცდილება, ახალი პროფესიული შესაძლებლობები და ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მუსიკის ძალა კიდევ უფრო მეტ ბავშვს მიუტანონ.

ვულოცავთ პროგრამის ყველა მონაწილეს კურსის წარმატებით დასრულებას!

ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ასახავს მათ მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ შრომას, თავდადებას, სწავლასა და პროფესიულ ზრდას. ვუსურვებთ მათ წარმატებას პროფესიულ გზაზე და გვჯერა, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ საქმიანობაში გამოიყენებენ, რათა მუსიკის საშუალებით კიდევ უფრო მეტ ბავშვს შეუქმნან განვითარების, კომუნიკაციის, ჩართულობისა და სიხარულის შესაძლებლობები.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ეტაპს! დაე, ეს დასასრული მრავალი ახალი
შესაძლებლობის დასაწყისი აღმოჩნდეს!