მენეჯერისხედვა: ღია სახლისისტორია
Georgia
- Children
- Disability
- Caregivers
ლილე ყაზაიშვილი არის კლინიკური ნეიროფსიქოლოგი და „Open House“-ის თანადამფუძნებელი — მულტიდისციპლინური ცენტრი, რომელიც საქართველოში ბავშვებსა და ოჯახებს უჭერს მხარს. ცენტრის დაარსებიდან რვა წლის განმავლობაში ლილემ და მისმა გუნდმა ყურადღება გაამახვილა ეთიკური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებაზე, რომლებიც თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებზეა მორგებული.
2022 წელს „Music as Therapy International“-თან პარტნიორობის შემდეგ, „Open House“-მა მუსიკოთერაპია საკუთარი კლინიკური მოდელის ნაწილად აქცია თანამშრომლების ტრენინგის, სუპერვიზიისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გზით.
ლილე, გმადლობთ, რომ დრო გამონახეთ ამ კითხვებზე პასუხისთვის. მოხარულნი ვართ, რომ თქვენს ისტორიას ვუზიარებთ საზოგადოებას — თქვენს გამოცდილებას, როგორც კლინიკური ნეიროფსიქოლოგის, ცენტრის მენეჯერისა და „Open House“-ის თანადამფუძნებლის. თქვენი ხედვა მნიშვნელოვან წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მუსიკათერაპიის ინტეგრაცია მულტიდისციპლინურ სერვისებში და როგორ უწყობს ხელს ტრენინგი, სუპერვიზია და გრძელვადიანი პარტნიორობა მაღალი ხარისხის, ბავშვზე ორიენტირებულ პრაქტიკას.
შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენი ცენტრისა და გუნდის შესახებ?
რვა წლის წინ „Open House“ დააარსა სამმა ფსიქოლოგმა, მათ შორის მეც, რომლებსაც გვაერთიანებდა საერთო კლინიკური პრაქტიკა, ძლიერი პროფესიული ღირებულებები. ის, რაც პატარა ინიციატივად დაიწყო, მალევე ბევრად უფრო დიდი საჭიროების გამოხატულებად იქცა. სერვისებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჩვენი პასუხისმგებლობაც — გავფართოებულიყავით გააზრებულად, გადაგვემზადებინა ახალი სპეციალისტები და შეგვექმნა გუნდი, რომელიც ოჯახებს კომპეტენციით, ზრუნვითა და პატივისცემით შეხვდებოდა.
ჩვენი პირველი სტრუქტურირებული თერაპიული მოდელი იყო ABA თერაპია, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სერვისების სისტემატიზაციის მიმართულებით. დროთა განმავლობაში „Open House“ სახელმწიფო პროგრამების სანდო მიმწოდებლად ჩამოყალიბდა და ამავდროულად კლინიკურად და ეთიკურად განაგრძო ზრდა.
დღეს ჩვენ ვემსახურებით 500-ზე მეტ ბავშვსა და ოჯახს — თითოეულს საკუთარი დიაგნოზით, საჭიროებებით, ძლიერ მხარეებითა და ისტორიით. ვამაყობთ, რომ რეგიონში გამორჩეულ შემთხვევად გვთვლიან — არა მხოლოდ ზომის გამო, არამედ ჩვენი მიდგომის გამო. ჩვენ ვთავაზობთ თერაპიული სერვისების ფართო სპექტრს, რომლებიც თითოეული ბავშვის ინტერესებს, შესაძლებლობებსა და პოტენციალს ასახავს.
რვა წლის შემდეგ ჩვენი მისია უცვლელია: შევქმნათ სივრცე, სადაც ბავშვები სრულად არიან დანახული, ოჯახები გულწრფელად არიან მხარდაჭერილი და თერაპია ეფუძნება ადამიანურ კავშირს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკასა და მრავალფეროვნების პატივისცემას.
გახსოვთ, რატომ ჩათვალეთ მუსიკა მნიშვნელოვანად თქვენი ბენეფიციარებისთვის (როდესაც 2022 წელს ტრენინგი მოითხოვეთ)?
როგორც ნეიროფსიქოლოგს, კარგად მესმის ტვინის განვითარების პროცესები და კომუნიკაციის ფუნქციონირება — განსაკუთრებით სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებში. კლინიკურ პრაქტიკაში აშკარად ჩანს, რომ მაშინაც კი, როდესაც ვერბალური ენა შეზღუდულია ან ჯერ მიუწვდომელია, მუსიკისთვის ყოველთვის არსებობს სივრცე. მუსიკა ბუნებრივად ზრდის მოტივაციას, ემოციურ ჩართულობას და კომუნიკაციის სურვილს — ხშირად იმ გზებით, რომლებიც სიტყვებს არ შეუძლია.
ბავშვის განვითარების შეფასებაზე მუშაობისას არაერთხელ დავაკვირდი ერთ მნიშვნელოვან მოვლენას: მარტივ, არაპროფესიულ, თუმცა ინტონირებული და მუსიკალური ხმებსაც კი — როდესაც ისინი ბუნებრივია, გულწრფელი და ემოციურად მორგებული — შეუძლია პირდაპირი ხიდის შექმნა ბავშვის გონებასთან, შეუძლია მიიბყროს მათი ყურადღებ. ასეთი ხმები ხშირად იწვევს თვალით კონტაქტს, ერთობლივ ყურადღებას და სპონტანურ ღიმილს, რაც ნამდვილ კავშირსა და კომუნიკაციას ქმნის, რომელიც ასე მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე ბავშვებთან.
მიუხედავად იმისა, რომ თავად მუსიკალურ ინსტრუმენტზე არ ვუკრავ, დავრწმუნდი მუსიკის ინტეგრირების მნიშვნელობაში თერაპიულ პრაქტიკაში. სწორედ ამიტომ დავიწყე ისეთი პროფესიონალების ძიება, რომლებიც კლინიკურ სენსიტიურობას მუსიკალურ ექსპერტიზას შეუთავსებდნენ. შედეგად, თანამშრომლობა დავიწყეთ ადრეული ჩარევის თერაპევტებთან მუსიკალური განათლებითა და გამოცდილი სკოლის მუსიკის მასწავლებლებთან.
გახსოვთ, როცა თაკო მოვიდა თქვენი გუნდის ტრენინგისთვის? რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?
როდესაც თაკო პირველად ეწვია ჩვენს ოფისს ეს იყო, დიდი მოლოდინისა და აღფრთოვანების მომენტი. მან ჩაატარა ტრენინგი მთელი გუნდისთვის, რომლის დროსაც ჩვენ პირადად გამოვცადეთ მუსიკის ძლიერი როლი კავშირის, ურთიერთბმისა და გუნდის ერთიანობის გაძლიერებაში.
თაკო სწრაფად გახდა ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და განაგრძო ინდივიდუალური სესიების ჩატარება ორი თანამშრომლისთვის, რომლებიც მოგვიანებით მუსიკოთერაპევტებად ჩამოყალიბდნენ. მისი პროფესიული სუპერვიზიის ქვეშ მათ სწრაფად განივითარეს უნარები და გახდნენ თავდაჯერებული სპეციალისტები. (შესაძლებელია ბმული ნინოს ისტორიაზე)
გაგრძელდა თუ არა მუსიკის გამოყენება ცენტრში ტრენინგის შემდეგ?
ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია მუსიკაზე დაფუძნებული სესიები. მაღალი მოთხოვნისა და ბავშვებისა და მშობლების ძლიერი ინტერესის გამო, მუსიკოთერაპია ჩვენი სერვისების მუდმივ და განუყოფელ ნაწილად დარჩა.
ამჟამად ვთავაზობთ კვირაში ორ მუსიკალურ სესიას ბავშვებისთვის, ასევე სესიებს მოზარდებისთვისაც. ზოგიერთ მათგანს მუსიკის მიმართ ძლიერი ინტერესი და მაღალი მიღწევის მოტივაცია აქვს, რაც მომავალში პროფესიული გზის შესაძლებლობასაცქმნის.
დღეს გვაქვს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სესიები. მათ უძღვება ერთი გადამზადებული თერაპევტი, რომელიც მუსიკაზე დაფუძნებულ ინტერვენციებს თითოეული ბავშვის განვითარების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულად ახორციელებს.
შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რაიმე პროგრესი ან ისტორია ბავშვებზე მუსიკის გავლენის შესახებ?
მინდა გაგიზიაროთ სანდროს ისტორია. მან მუსიკათერაპია ჩვენს ცენტრში ოთხი წლის ასაკში დაიწყო. სამი წლის ასაკში მას აუტიზმის სპექტრის აშლილობა დაუდგინდა და მას შემდეგ „Open House“-ში იღებს სერვისებს. ABA-სა და ოკუპაციურ თერაპიასთან ერთად, მშობლებს მუსიკათერაპიაც ვურჩიეთ, რადგან სანდროს მუსიკისადმი ძლიერი ინტერესი და შესანიშნავი სმენითი მეხსიერება ჰქონდა.
მახსოვს მისი პირველი სესიები — მაშინ ის ძალიან მოუსვენარი იყო, უჭირდა ყურადღების შენარჩუნება და ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. თუმცა მუსიკის სტრუქტურირებული და თერაპიული გამოყენების შედეგად თანდათან გამოჩნდა სტაბილური ცვლილებები: გაიზარდა ყურადღების ხანგრძლივობა, გაუმჯობესდა ჩართულობა და გაიზარდა ინიციატივა. განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა მიბაძვის უნარები, რასაც მუსიკალური რიტმი და გამეორება უწყობდა ხელს.
ხუთწლიანი მუსიკოთერაპიის შემდეგ სანდრომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. დღეს ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში უკრავს რთულ კლასიკურ ნაწარმოებებს. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვერბალური კომუნიკაცია და ემოციური რეგულაცია, რასაც მისთვის მნიშვნელოვნად საყვარელი მუსიკალური აქტივობები უწყობს ხელს.
სანდროს გამოცდილება ასახავს იმ ზოგად სურათს, რომელსაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბევრ ბავშვში ვხედავთ. მუსიკა ხშირად იქცევა უსაფრთხო სივრცედ — სიხარულის, სიმშვიდისა და ემოციური ბალანსის წყაროდ.
რატომ არის თანამშრომელთა ტრენინგი მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც მენეჯერისთვის?
დღეს ჩვენს ცენტრში წარმოდგენილია 15 სხვადასხვა ტიპის თერაპია, მათ შორის მუსიკათერაპია, როგორც მულტიდისციპლინური მოდელის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ბავშვებსა და მშობლებს გუნდის განუყოფელ წევრებად მივიჩნევთ და მათთან ერთად ვქმნით ინდივიდუალურად მორგებულ თერაპიულ კომბინაციებს.
სამწუხაროდ, საქართველოში მრავალი თერაპიული მიმართულებით, განსაკუთრებით შემოქმედებით დარგებში, პროფესიული ტრენინგის შესაძლებლობები შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებული აღმოჩნდა. თაკოსთან პროფესიული ურთიერთობა მხოლოდ საწყისი ტრენინგით არ დასრულებულა — ის გაგრძელდა მუდმივი კონსულტაციითა და მხარდაჭერით.
როგორია თქვენი ხედვა მუსიკოთერაპიის მომავლის შესახებ?
ჩვენი გრძელვადიანი მიზანია დიდი პარაორკესტრის შექმნა და მუსიკოთერაპევტების მომზადება. ამავდროულად, ვგეგმავთ ყველა საჭირო მატერიალური რესურსის უზრუნველყოფას — ინსტრუმენტებს, სივრცეებსა და სტრუქტურირებულ პროგრამებს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ვიმედოვნებ, რომ საქართველოში გაიზრდება კვლევა და მტკიცებულებები მუსიკოთერაპიის ეფექტიანობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მისი პროფესიული აღიარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდას.
კიდევ რამე, რისი დამატებაც გსურთ?
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ღრმა მადლიერება თქვენი ორგანიზაციის მიმართ. თქვენი ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ასევე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მთელ მსოფლიოში ცოდნის, იმედისა და განვითარების გავრცელებას ემსახურება.