Read this post in English

ალიონა თუთუნჯიანი ჩვენი ერთ-ერთი ქართველი პარტნიორია, რომელმაც თავდაპირველად მონაწილეობა მიიღო ჩვენს შესავალ ტრენინგში, რომელიც 2011 წელს ჩატარდა #198 საჯარო სკოლაში მუსიკალური თერაპევტების, ჯენი ლაასის და იზაბელ ბედფორდის მიერ. იმ დროს ალიონა მუსიკის მასწავლებელი იყო სკოლაში; მას შემდეგ, თოთხმეტი წლის განმავლობაში, ალიონა ყოველდღიურად იყენებს მუსიკალურ თერაპიას #198 საჯარო სკოლაში, პალიატიურ კლინიკასა და კიდევ ერთ პარტნიორულ ორგანიზაციაში,  მუსიკალური თერაპიის ცენტრში „მშობელთა ხიდი“. საერთო ჯამში, ალიონა მარტო მუშაობს 150-ზე მეტ ბენეფიციართან მისი ყველა სამუშაო ადგილიდან.

ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ ალიონას ისტორია იმაზე, თუ როგორ იყენებს მუსიკას. ჩვენ დავუსვით მას რამდენიმე შეკითხვა ამასთან დაკავშირებით.

დავუბრუნდეთ დასაწყისს. თქვენ გარკვეული დროის განმავლობაში უკვე ხართ ჩვენი პარტნიორები, თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ მუსიკასთან თქვენი ურთიერთობა უფრო ადრე დაიწყო, აქედან გამომდინარე, გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენი ხანია რაც იყენებთ მუსიკას ?

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 (ათი) წელია უკვე თქვენი პარტნიორი ვარ და ვმუშაობ, როგორც მუსთერაპევტი, მუსიკასთან დაბადებიდან მაქვს შეხება, რადგან მუსიკოსების ოჯახში დავიბადე (დედა-პიანისტი, მამა-ჩელისტი), შემდგომ 6 წლიდან ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში ვისწავლე 12 წელი  – ,,ნიჭიერთა ათწლედში’’, შემდეგ კი კონსერვატორიაში ( 5 წელი მაგისტრის ხარისხი + 3 წელი ასპირანტურა- დოქტორის ხარისხი), გარდა ამისა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის როიალის პარტიებს ვასრულებდი ორკესტრში, 7 წელიწადი ვიყავი სახელმწიფო, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ლექტორი (მუსიკის კათედრა), გახლავართ ‘’ტრიო ბრავოს’’ წევრი და ასევე ვიყავი ა. ხაჩათრიანის სახელობის მე-10 ხელოვნების სკოლის პედაგოგი.

იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ახალგაზრდობიდან გაქვთ  მუსიკალური განათლება და დიდი ხნის განმავლობაში ასწავლით მუსიკას სხვებს, რა გაძლევთ შთაგონებას და მოტივაციას, რომ დღევანდლამდე აგრძელებთ მუსიკალურ მოგზაურობას თქვენს საქმიანობაში?

მოტივაციას და შთაგონებას მაძლევს ის, რომ მცირე დროის მანძილზე მაინც შემიძლია ჩემი მოსწავლეების/ბენეფიციარების და მათი მშობლების/წარმომადგენლების ბედნიერი სახეების და თვალების დანახვა, უპირველესად ეგ არის მთავარი პირადად ჩემთვის.

ამდენი ხნის განმავლობაში მუსიკის გამოყენების შემდეგ, რა ცვლილებებს ამჩნევთ ბენეფიციარებს, რაც არ იყო როდესაც პირველად დაიწყეთ მუსიკის გამოყენება თქვენს საქმიანობაში?

ბენეფიციარები/მოსწავლეები ხდებიან უფრო ორგანიზებულნი და კომუნიკაბელურები, გაზრდილია მათი მხრიდან ნდობის ფაქტორი, იციან თუ რა უნდა გავაკეთო სესიების/გაკვეთილების პროცესში მათთან და თუ არ იციან დიდი ინტერესით ელოდებიან ჩემი მხრიდან სიახლეებს.

იმაზე მსჯელობისას, თუ როგორ იყენებთ მუსიკას თქვენს საქმიანობაში, მოგვიყევით როგორ ვითარდებოდა/იცვლებოდა მუსიკის გამოყენების პრაქტიკა და  გაანალიზება დროთა განმავლობაში?

მუსიკის, როგორც თერაპიის გამოყენებისას ბენეფიციარებთან კონტაქტის დასამყარებლად მუშაობის პროცესში,  საჭირო იყო თავდაპირველი ეტაპების გავლა, ხოლო შემდეგ როგორც მოგეხსენებათ უსაფრთო გარემოს შექმნა, სადაც შევძლებდი მუსიკალური აქტივობების მეშვეობით მომეზიდა სხვადასხვა სირთულის ბენეფიციარის ყურადღება. დროთა განმავლობაში სწორედ ამ ტექნიკების დახმარებით, გამყარდა და განვითარდა ის სოციალური უნარები, რომლებიც მოიცავს, როგორც ცნობიერების და მადლიერების გრძნობის ჩამოყალიბებას, ასევე ჯგუფის სხვა წევრების მიმართ რიგითობის დაცვის, მოსმენის და ლიდერობის უნარების ჩამოყალიბებას.

წლების განმავლობაში ბევრ მუსიკალურ სესიას უძღვებოდით. გაქვთ თუ არა მუსიკის გამოყენების რაიმე განსაკუთრებული  გამოცდილება, რომელსაც უბრუნდებით და რაც მოტივაციას გაძლევთ? გამოწვევების დროს, რა გაძლიერებთ?

მოტივაციას მაძლევს ჩემი მუსიკალური რესურსი და შეძენილი ტექნიკები ,,მუსიკა, როგორც თერაპიასთან’’ , რითითაც ვეხმარები ჩემ ბენეფიციარებს, ასევე მოტივაციას მაძლევს ის შედეგებიც, რომლებზეც გადიან ბენეფიციარები სესია/სესიების ჩატარების შემდეგ. რადგან წლების განმავლობაში ვმუშაობ თითქმის ყველა დიაგნოზის მქონე ბენეფიციართან, გამოცდილებიდან გამომდინარე გარკვეულწილად ჩამომიყალიბდა კონკრეტული მეთოდები. მოსწავლეების უნარებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და საჭიროებს სპეციალურ მიდგობას. (პრაქტიკული შემთხვევა: ბენეფიციარი ვ.ნ მშობლის გადმოცემით, იმდენად ბედნიერია სესიების შემდეგ, რომ მთელი დღის განმავლობაში მისი ემოციური მდგომარეობა უმჯობესდება და ხდება უფრო კომუნიკაბელური, მშვიდი და პროგნოზირებადი, გარდა ამისა კომუნიკაცია დედასთან გაუმჯობესებულია).

ეს კი მაძლევს სტიმულს ახალ ბენეფიციარებთან დავიწყო ყველაფერი თავიდან, ან გავაგრძელო უკვე კარგად ნაცნობ/უცნობ ბენეფიციართან მუშაობა. სწორედ გამოწვევებია, რაც მაძლიერებს წლების განმავლობაში და მაძლევს სესიების ჩატარების სტიმულს.

მუსიკის გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილებიდან, რით ამაყობთ ყველაზე მეტად თქვენს მუსიკალურ მოგზაურობაში და/ან მიღწევებში?

ძალიან ვამაყობ წლების განმავლობაში ჩემი ოთხი ბენეფიციარით, რომლებიც ჩამოყალიბდნენ მუსიკალურ ჯგუფად. სამი წევრი (აუტიზმის სხვადასხვა სირთულეების სპექტრი), ერთი წევრი (გონებრივი ჩამორჩენა) . ეს ოთხი ბენეფიციარი, დამოუკიდებლად უკრავს და მუზიცირებს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე (მსგავსი შემთხვევა პირადად არსად გამიგია,რომ არსებობდეს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ამ ბენეფიციარებით ვამაყობ).

მოტივაცია არის ის, როდესაც მოსწავლე ან მოსწავლეები არიან სესიის ბოლოს ბედნიერები და კმაყოფილები, რადგან თვითონ ხვდებიან რა გამოსდით და რა არა. განსაკუთრებულად უყვართ შექება, ეგ არის ყველაზე დიდი შთაგონების წყარო.

და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ისწავლეთ თქვენი მუსიკალური გამოცდილებიდან?

ძალიან ბევრი თვისება ჩამომიყალიბა ამ საქმიანობამ, მთავარი კი განსაკუთრებული სიყვარული მასწავლეს ჩემმა ბენეფიციარებმა, რადგან თავად არიან ძალიან მგრძნობიარები და სათუთები.

ვიცით, რომ თქვენ გააგრძელეთ მუსიკის როლის პოპულარიზაცია ავადმყოფებზე ზრუნვაშიც, და მუსიკალურ თერაპიაზე ტელევიზიაში ისაუბრეთ ამაზე. რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება შემდგომი განვითარებისთვის და რატომ ჩათვალეთ აქტუალურ და მნიშვნელოვნად?

მივხვდი, რომ ყველაზე კარგად ამ ბავშვების დახმარება გამომდის და ვთვლი, რომ მაქსიმალურად უნდა დავეხმარო მათ.  მუსიკის გამოყენებისას გამოვლინდა ისეთი სოციალური ცვლილებები: (ლოდინი, მოთმინება, რიგითობის დაცვა, ჯგუფში მუშაობა, კომუნიკაციის გაუმჯობესება და სხვა მათთვის უჩვეული თვისებები).

ალბათ მთელი საქართველოს უზარმაზარი აუდიტორია გიყურებდათ ეროვნულ არხზე. მთლიანად საქართველო რომ ავიღოთ, როგორია თქვენი სამომავლო იდეალური ხედვა ეროვნულ დონეზე მუსიკის გამოყენებასთან და კლიენტთა სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით? როგორ წარმოგიდგენიათ ეს სამომავლო ხედვა?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ცენტრი ტერიტორიულად თბილისშია, სხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან საქართველოს მასშტაბით, არ აქვთ საშუალება, რომ სისტემატიურად ატარონ სესიებზე თბილისში (ჩემთან ყოფილა შემთხვევა, ბენეფიციარს ატარებდნენ ქალაქ რუსთავიდან და ქალაქ გალიდან) სასურველი იქნებოდა ჩვენი მუსთერაპიული ცენტრის ქსელის გაფართოება და ქვეყნის მასშტაბით რეგიონალურ ჭრილში ყოფილიყო ჩვენი მომსახურება მისაწვდომი ყველა ბენეფიციარისთვის (ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, ზუგდიდი, მესტია, გორი, თელავი, ოზურგეთი).

მუსიკა, როგორც საერთაშორისო თერაპია ბედნიერი და ამაყია, რომ თქვენთან  მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს. შეგიძლიათ აღწეროთ, როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა მუსიკა, როგორც საერთაშორისო თერაპიასთან და როგორ მიაღწიეთ წარმატებას და პროგრესს?

ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა გამეცნო თქვენი ორგანიზაცია, დიდი მადლიერების გრძნობით ყოველთვის ვიხსენებ ჯენის და იზაბელს. მადლობა ქალბატონ თეონას, იმისთვის რომ  განვითარების საშუალება მომცა და ყველანაირი პირობა შექმნა, რათა მე და ბენეფიციარებს გვეგრძნო თავი კომფორტულად სამუშაო გარემოში.

ჩვენ გვყავს პარტნიორები მთელს მსოფლიოში, ზოგი მსგავს პოზიციაზე, ბევრი მათგანი მუშაობის ადრეულ ეტაპზე. რას ეტყოდით მათ, ვინც აპირებს  მუსიკის გამოყენებას მომავალში?

არ შეშინდეთ არაფრის და მიიღონ ახალი გამოწვევები დიდი სიხარულით.